logo
ENG



პუტინი და შოიგუ ოკუპირებულ რეგიონებში "რეფერენდუმებზე" საგანგებო განცხადებას გააკეთებენ

20 სექ 202218:39
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/20/y2kicds14qdpl0z.jpeg

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დონეცკისა და ლუჰანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებში, ასევე ოკუპირებული ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონში ჩანიშნულ "რეფერენდუმებთან" დაკავშირებით საგანგებო განცხადების გაკეთებას გეგმავს.

ინფორმაციას ტელეარხი RBC რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაახლოებულ სამ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გარდა ამისა, რუსულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ პრეზიდენტ პუტინთან ერთად მოსახლეობას რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუც მიმართავს.

განცხადების გაკეთება, მოსკოვის დროით, 18:00 საათზეა დაგეგმილი, თუმცა კონკრეტულად რას იტყვის რუსეთის პრეზიდენტი, კრემლთან დაახლოებული პირებისთვის უცნობია.

***

დონეცკისა და ლუჰანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებში რუსეთთან შეერთების საკითხზე კენჭისყრა 23-დან 27 სექტემბრამდე გაიმართება, ამის შესახებ განცხადებას ლუჰანსკის საოკუპაციო ხელისუფლებამ და დონეცკის ე.წ. რესპუბლიკის თვითგამოცხადებულმა ლიდერმა, დენის პუშლინმა დღეს, 20 სექტემბერს გააკეთეს

საკითხს უკრაინული მხარე გამოეხმაურა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ამბობს, რომ ყალბი რეფერენდუმები და ჰიბრიდული მობილიზაცია არაფერს შეცვლის.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 21 თებერვალს, უკრაინაში შეჭრამდე, ხელი მოაწერა ბრძანებებს დონეცკის და ლუჰანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ. ეს ორი სეპარატისტული სუბიექტი, რომელთა დაცვაც რუსეთმა აგრესიის საბაბად გამოიყენა, საერთაშორისო საზოგადოების მიერ არ არის აღიარებული.

დონეცკის და ლუჰანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების რუსეთთან შეერთების შესახებ "რეფერენდუმის" ჩატარების გეგმები ჯერ კიდევ 2022 წლის მარტში გამოცხადდა.


close დახურვა